English / ქართული / русский /
თამარ დოლიძე
ინდუსტრიალიზაცია, როგორც ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების მექანიზმი

ანოტაცია. ინდუსტრიალიზაციის, როგორც ფენომენალური მნიშვნელობის საკითხის ძირითადი ფაქტორებისა და ეტაპების გაანალიზების შედეგად შესაძლებელი გავხადეთ, განგვესაზღვრა რეალური ეკონომიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები. ინდუსტრიალიზაციის პროცესი ძირითადად ხასიათდება ინოვაციური ტექნოლოგიების წარმოებითა და დანერგვით საწარმოო თუ არასაწარმოო პროცესში. მეცნიერებისა და საწარმოო პროცესის მიზანმიმართული ურთიერთობების შედეგად იქმნება ინდუსტრიალიზაციის პროცესი.

საკვანძო სიტყვები: ინდუსტრიალიზაცია, რეინდუსტრიალიზაცია, ინდუსტრი-ული რევოლუციები, პოსტინდუსტრიული საზოგადოება, ციფრული ეკონომიკა.

შესავალი

ინდუსტრიალიზაციის უწყვეტი პროცესი კაცობრიობის არსებობის თანმდევია. ადამიანი უხსოვარი დროიდან მოყოლებული მუდმივად დგას მრავალი პრობლემისა და ამოცანის გადაჭრის წინაშე. აღნიშნულ პრობლემათა და ამოცანათა შორის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შრომის საგნები და შრომის იარაღები.

ეკონომიკურ ცვლილებათა ევოლუციური თეორია ნათლად გამოხატავს კაცობრიობის ევოლუციური განვითარების არსებით მახასიათებლებს.

ინდუსტრიალიზაციის პროცესში წარმოიშობა ინდუსტრიული რევოლუციები, რომელთა შედეგად კაცობრიობა უწყვეტად განიცდის განვითარების ახალ საფეხურებზე ასვლას.

ინდუსტრიალიზაციის პროცესში განვითარებული ინდუსტრიული რევოლუციე­ბის შედეგად თანამედროვე კაცობრიობა იმყოფება პოსტინდუსტრიული განვითარების ეტაპზე. აღნიშნულ ეტაპზე ტრადიციულ ფაქტორებთან ერთად მოქმედებს ე.წ. „რბილი“ ფაქტორებიც, კერძოდ, ცოდნა და ინფორმაცია.

თანამედროვე ადამიანი ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებს მსოფლიო ქსელს, ახორციელებს კომერციულ ტრანზაქციებსა და პროფესიულ ურთიერთქმედებებს, რომლებიც ძირითადად უზრუნველყოფილია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით. ამდენად თანამედროვე ადამიანის საქმიანობა ძირითადად დამყარებული არის ციფრულ ტექნოლოგიებზე, რაც ინდუსტრიალიზაციის უწყვეტი პროცესის ლოგიკური შედეგია და რომელიც აუცილებლად შეიცვლება, გაუმჯობესდება უახლოეს მომავალში. 

ინდუსტრიალიზაციის წარმოშობა და განვითარების ძირითადი ეტაპები

ინდუსტრიალიზაცია, როგორც ტერმინი ეკონომიკურ მეცნიერებაში პირველად სენ-სიმონმა შემოიტანა. ინდუსტრიალიზაცია გამოხატავს საზოგადოების ისეთ პროგრესს, რომელიც გულისხმობს აგრარულ და კუსტარულ მრეწველობაზე ორიენტირებული ეკონომიკის გარდაქმნას ისეთ ეკონომიკად, რომელშიც დომინანტური ადგილი უჭირავს მსხვილ, ავტომატიზაციაზე დამყარებულ მრეწველობას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინდუსტრიალიზაციის პროცესი ინგლისში დაიწყო ე. წ. „სამრეწველო რევოლუციის ეპოქაში“, რომელსაც მოჰყვა თვისებრივი ხასიათის ცვლილებები როგორც პროდუქციის წარმოებისა და განაწილების, ასევე საზოგადოებრივი მოწყობის თვალსაზრისითაც. ინდუსტრიალიზაციის რთული და მრავალფაქტორული პროცესი მეტ-ნაკლებად ერთნაირი თვისებებით ხასიათდებოდა მთელ მსოფლიოში. მეცნიერ-ეკონომისტები გამოყოფენ ძირითადად ქვეყანათა ორ ჯგუფს, კერძოდ, პირველი ტალღის ინდუსტრიულ ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი, აშშ) და ე.წ. „გვიანი ინდუსტრიალიზაციის ქვეყნებს“ (გერმანია, იაპონია). არსებითი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ პირველი ტალღის ინდუსტრიულ ქვეყნებში ინდუსტრიალიზაციისა და მოდერნიზაციის პროცესში ძირითადი როლი შეასრულა მრეწველთა ფენამ, ხოლო „გვიანი ინდუსტრიალიზაციის ქვეყნებში“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახელმწიფომ [Dean, 1979: 10]. პირველი იდუსტრიული რევოლუციის შედეგად წარმოიშვა ინდუსტრიალიზაციის ფენომენი, რომელიც თავისი არსითა და ფუნქციით მრავალგანზომილებიანი ყოვლისმომცველი ტერმინია. ინდუსტრიული რევოლუცია აღნიშნავს ახალი დროის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის პროცესს. ფენომენალური მნიშვნელობის ტერმინში მიზანშეწონილია გამოვყოთ ყველაზე არსებითი ფაქტორი, რომელიც გულისხმობს უფრო მეტად ეკონომიკურ და ტექნიკურ მოდერნიზაციას. ინდუსტრიალიზაციის პროცესი მოიცავს ხანგრძლივ პერიოდს და  ის მსუბუქი მრეწველობით იწყება. აღსანიშნავი არის ის გარემოება, რომ ინდუსტრიალიზაციის რთული და შეუქცევადი პროცესისთვის დამახასიათებელი არის ცალკეული დარგების უთანაბრო განვითარება [Dean, 1979: 14 – 16].

ინდუსტრიული ანუ სამრეწველო საზოგადოება, რომელმაც შეცვალა აგრარული საზოგადოება,  XX საუკუნის 60-იანი წლებიდან გადაიზარდა პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში. მანქანური წარმოება იყო ინდუსტრიული წარმოების მატერიალური საფუძვლის შექმნის მნიშვნელოვანი სტადია. ხელით შრომაზე დაფუძნებული მანუფაქტურული წარმოება, შეიცვალა ფაბრიკული წარმოებით.

XVIII საუკუნის II ნახევარში სამრეწველო გადატრიალების შედეგად წარმოიშვა მანქანური წარმოება. მანქანური წარმოების შემდგომი საფეხური უკავშირდება მეცნიერულ-ტექნიკურ რევოლუციას, რომელიც სათავეს იღებს XX საუკუნის მეორე ნახევრიდან.

მრეწველობა წარმოადგენს ინდუსტრიის უმსხვილეს შემადგენელ ნაწილს, რომელიც თავის მხრივ იყოფა მოპოვებით და დამამუშავებელ მრეწველობად. გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO-ს) მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც  2030 წელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს თავის წევრ ქვეყნებს ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიული განვითარების მიღწევაში. გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია აღიარებს ინდუსტრიის, ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის როლს მდგრადი განვითარებისთვის. ინდუსტრიალიზაციას მიიჩნევს მდგრადი კეთილდღეობის მამოძრავებელ ძირითად საშუალებად. ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაცია არის შემოსავლის გამომუშავების პირველადი წყარო და იძლევა ცხოვრების დონის სწრაფი და მდგრადი ზრდის საშუალებას [UN, 2021: 1-5].

მატერიალური წარმოების საფუძველი და ბირთვი არის მრეწველობა, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს მთლიანი სამამულო პროდუქტის შექმნაში. ისიც  ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ინდუსტრიალიზაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ მრეწველობას ენიჭება. ძირითადად მრეწველობის განვითარების დონე განსაზღვრავს ინდუსტრიალიზაციის უწყვეტი პროცესის დინამიკას და მის ტექნოლოგიურ, ტექნიკურ მხარეს.

საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე ინდუსტრიალიზაცია სულ უფრო მეტად მოიცავს ტექნოლოგიურ ნახტომს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განთავსებით უფრო მოწინავე, სუფთა ტეaქნოლოგიებში, რაც უმთავრესად განსაზღვრავს მდგრად განვითარებასა და მწვანე ინდუსტრიულ პოლიტიკას [Бузмакова, 2017: 8 – 9].

მნიშვნელოვანია შევეხოთ აშშ-ის ინდუსტრიული პოლიტიკის არსებით საკითხს, რომელიც ითვალისწინებს, რომ სახელმწიფომ გააძლიეროს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  „განსაკუთრებული ინდუსტრიები“  იმ გარემოების გათვალისწინებით, როცა ბაზრები და კერძო სექტორი აღნიშნულ ქმედებას დამოუკიდებლად არ გააკეთებენ [Krueger, 2021: 1] .

ამერიკის შეერთებულ შტატებში თანაფარდობა წარმოების სექტორსა და მომსახურების სექტორს შორის არის დაახლოებით 80% / 20%-თან. პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების პროცესში შეინიშნება აშშ-ის მთლიან სამამულო პროდუქტში მომსახურების სექტორის ინტეგრალური ხვედრითი წილის ზრდა, რაც იმთავითვე  იწვევს ეკონომიკის ინდუსტრიული სექტორის შემცირებას.

  აშშ-ის პოსტინდუსტრიულ ეკონომიკაში დამატებითი ღირებულების შექმნის ძირითადი წყარო   არის მეცნიერება და განათლება –  ინოვაციური ეკონომიკის შექმნისა და განვითარების საფუძველი. აშშ-ის მთლიანი სამამულო პროდუქტის 10% მიმართულია  მეცნიერებისა და განათლების დაფინანსებაზე, რაც აბსოლუტური მაჩვენებლით არის 1,5 ტრილიონი დოლარი. ასეთი მაჩვენებელი მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არა აქვს [Султанов, Мамадов, 2015: 38-39].

ეკონომიკის ინდუსტრიალიზაცია აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ძვირადღირებული პროცესი. პოსტინდუსტრიული ეკონომიკა, რომელიც ძირითადად და კლასიკური გაგებით განვითარებული არის მსოფლიოს მაღალგანვითარებულ და განვითარებულ ქვეყნებში, დიდწილად ეფუძნება კვლევასა და განვითარებას ანუ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას. 

ინდუსტრიალიზაცია, როგორც რეალური ეკონომიკის

უწყვეტი განვითარების ძირითადი მექანიზმი

ინდუსტრიალიზაცია-რეინდუსტრიალიზაციის კონცეპტუალური საფუძველი არის ეკონომიკური ცვლილებების ევოლუციური თეორია [Nelson, Winter, 1982: 53- 56].

XX საუკუნის დამლევს ინდუსტრიალიზაციის განვითარებაზე გავლენა მოახდინა შემდეგმა ფაქტორებმა: მომრავლდა მცირე და მოქნილი საწარმოები; მოხდა საწარმოების მაქსიმალური კომპიუტერიზაცია; გაუმჯობესდა მსოფლიო ბაზარზე ტრადიციული საექსპორტო ნედლეულის გასაღების პირობები; დაჩქარდა მოსახლეობის ზრდის ტემპი [Galbraith, 2015: 27-30].

გუნარ მიურდალი და ლუის ვულფსონი ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციას მიიჩნევენ ეკონომიკური ჩამორჩენილობის აღმოფხვრის მძლავრ საშუალებად. ინდუსტრიალიზაცია წარმოადგენს ეკონომიკური ჩამორჩენილობისა და სუსტი განვითარების აღმოფხვრის ერთადერთ საშუალებას [Kiely, 1998: 57 – 60].

თანამედროვე პირობებში განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის იგი უფრო იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს. უფრო კონკრეტულად უმრავლეს შემთხვევაში მძიმე მრეწველობის პრიორიტეტი დაფუძნებული არის განვითარებადი ქვეყნების „დამოუკიდებელი ეკონომიკის“ შექმნის აუცილებლობის კონცეფციაზე, რომელიც უფრო პოლიტიკური ხასიათისაა, ვიდრე ეკონომიკური [Galbraith, 2015: 58-60].

ინდუსტრიალიზაცია განიხილებოდა სოფლის მეურნეობაში ჭარბი სამუშაო ძალის ლიკვიდაციის მთავარ საშუალებად, რომლის საუკეთესო მაგალითებია ინდოეთი, რუსეთი, აფრიკის კოლონიური ქვეყნები [Galbraith, 2015: 38-40].

XX საუკუნის ბოლოს პრობლემური გახდა ინდუსტრიალიზაციის განხორციელება მძიმე მრეწველობის განვითარების ბაზაზე, რადგანაც ინდუსტრია­ლიზაცია საკმაოდ ძნელი პროცესია. უფრო მიზანშეწონილი გახდა მრეწველობის განვითარება შემდეგი მიმართულებით [Galbraith, 2015: 21-23]:

  • საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელი მოქნილი სამრეწველო დარგების განვითარება;
  • იმპორტული საქონლის შემცვლელი სამრეწველო დარგების განვითარება. საწარმოს მოქნილობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც გულისხმობს საწარმოს სწრაფად გადაიარაღებას ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

ზემოთ აღნიშნული ორი მიმართულება დიდწილად ეფუძნება კონკურენციას. როგორც ცნობილია, კონკურენცია არის კეთილდღეობის მიღწევისა და უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტიანი საშუალება [Эрхард, 2001: 13].

ინდუსტრიალიზაციის დამკვიდრება ეკონომიკაში ძირითადად განპირობებული არის შემდეგი ფაქტორებით: სწრაფი მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარებით, შრომითი რესურსების სწრაფი ზრდით, სანედლეულო ბაზის გაფართოებით, საზოგადოების ფუფუნებისკენ ლტოლვით, ასევე სავაჭრო ქსელის გაფართოებით.

ინდუსტრიალიზაციის წარმოშობისა და განვითარების  ერთ-ერთი ფაქტორი არის შრომითი რესურსების სწრაფი ზრდა, რომელიც დაკავშირებულია ისეთ პროცესებთან, როგორიცაა: კლიმატური მნიშვნელობის საკითხების დამორჩილება და მისი ხალხის საკეთილდღეოდ გამოყენება, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო პირობების გაუმჯობესება.

სანედლეულო ბაზის გაფართოებამ და ადამიანის ლტოლვამ ფუფუნებისკენ დიდწილად განაპირობა ინდუსტრიალიზაციის წარმოშობა და განვითარება, რომელიც მჭიდრო კავშირში არის ახალი ტექნოლოგიების შექმნასთან. ახალი ტექნოლოგიების შექმნა არის ეკონომიკაში ინდუსტრიალიზაციის დამკვიდრებისა და ინფორმაციული საზოგადოების შექმნის საფუძველი  [Bell, 1973: 102-106].

ინდუსტრიული ეკონომიკის განვითარებამ ინფორმაციული ტექნოლოგიების შექმნას  მეოცე საუკუნის XX  საუკუნის 70-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი.

დიდწილად ინტელექტუალურ კაპიტალზე დაფუძნებულმა უწყვეტი ხასიათის ინდუსტრიალიზაციის პროცესმა განაპირობა თანამედროვე საზოგადოების შეყვანა მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში. ინდუსტრიალიზაცია უწყვეტად განვითარებადი პროცესი გახლავთ, რომელიც წარმოადგენს ენდოგენურ და ეგზოგენურ ფაქტორთა სინთეზს.

მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, განვითარებული სამრეწველო დარგები არის ენდოგენური ხასიათის ფაქტორები, რომლებიც ძირითადად განსაზღვრავენ ინდუსტრიალიზაციის განვითარების უწყვეტ პროცესს.

ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა, როგორც ერთგვარი უპირატესობა,   ვერ გამოდგება ანგარიშგასაწევ არგუმენტად. ქვეყანაში, სადაც ცოტაა (შესაძლოა, საერთოდაც არ არის) მდიდარი ფირმები, რომლებიც პრაქტიკულად ვერ შეიძენენ ძვირადღირებულ პატენტებს უახლეს ტექნოლოგიებზე, ასევე საერთაშორისო კონკურენციის ლიდერებიც  ყველანაირად შეეცდებიან, დაბლოკონ მოწინავე ტექნოლოგიების გავრცელება და არასათანადო დონის განათლების მქონე მოსახლეობისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, პრაქტიკულად  შეუძლებელი იქნება [პაპავა, 2020: 346].

ინდუსტრიალიზაციის პროცესში  ეკონომიკის რეალური სექტორის დარგებიდან საბაზისო მნიშვნელობა  ყველაზე მეტად აქვს გადამამუშავებელ მრეწველობას.

ინდუსტრიალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი არის განვიხილოთ ეროვნული წარმოების განვითარების საკითხი, რაც კიდევ უფრო აქტუალური გახადა COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ [სანაძე, 2020: 193].

ინდუსტრიული რევოლუციის დროს რევოლუციური გარდაქმნები მიმდინარეობს არა მხოლოდ მრეწველობაში, არამედ ეკონომიკის ნებისმიერ სხვა დარგში. პროგრესული ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, ხდება მრეწველობაში. ინდუსტრიულ რევოლუციას ეკონომიკისთვის აქვს საერთო, ყოვლისმომცველი ხასიათი [Abesadze, 2021: 15].

პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგად შეიქმნა ნანომანქანები, ნანოდანადგარები, რომლებიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით და ადამიანის ჩარევის გარეშე ასრულებს რთულ საწარმოო ოპერაციებს. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ საწარმოო მანქანებს სჭირდება მაღალკვალიფიციური კადრი, რომელიც საწარმოო პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

მძიმე მრეწველობის დარგებში ძირითადად გამოიყენება სამრეწველო რობოტები. მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის ფაზაში მიმდინარეობს მუშაობა, რომ ნანორობოტებმა და ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა პროდუქტებმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლოს ადამიანი.

ეკონომიკის რეალური სექტორის თითქმის ყველა დარგში დამკვიდრებული არის ციფრული ინდუსტრიალიზაციის უწტყვეტი პროცესი. შექმნილია და უფრო ვითარდება  მულტიინდუსტრიული ელექტრონული პლატფორმები. არსებობს ვირტუალური ტექნიკოსი, ვირტუალური მექანიკოსი და ა.შ. ვირტუალური სპეციალისტები შესაბამისი პლატფორმების საშუალებით ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას.

ციფრული ინდუსტრიალიზაციის პროცესში საწარმოო სფეროში გამოიყენება ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მანაქანა-დანადგარები და ჭკვიანი ავტომატიზებული სისტემები, ხოლო მენეჯმენტის სფეროში დანერგილია „ეჯაილ“ (AGILE), ანუ მოქნილი მენეჯმენტი, სადაც გამოიყენებენ მართვის კომპიუტერულ პროგრამებს Lean, Scrum, Kanban, Kaizen, Six Sigma  და ასევე აქტიურად გამოიყენებენ მრავალმხრივ პლატფორმებსა და ღია ბიზნეს მოდელებს [Tapscott, 2015: 217].

განვითარებულია და კიდევ უფრო ვითარდება ციფრული მეწარმეობა. უამრავი მეწარმე იყენებს ტექნოლოგიებს ახალი კომპანიებისა და ახალი ბიზნესმოდელების შესაქმნელად. ახალი კომპანიები აქტიურად იყენებს წარმოებული პროდუქტისა თუ მომსახურების  მომხმარებლებისთვის გაზიარების სხვადასხვა პლატფორმებს. ციფრული ეკონომიკა სცილდება დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციის საზღვრებს. ციფრული ეკონომიკის პარადიგმა იყენებს მრავალ მოწინავე ტექნოლოგიას და ახალ ტექნოლოგიურ პლატფორმას. დღეის მდგომარეობით ეს ტექნოლოგიები და პლატფორმები მოიცავს ჰიპერკავშირებს, ნივთების ინტერნეტს (IOT), დიდ მონაცემებს, მოწინავე ანალიტიკას, უკაბელო ქსელებს, მობილურ მოწყობილობებს და სოციალურ მედიას [Tapscott, 2015: 130-133].

ციფრული ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობა ეფუძნება ძირითადად იერარქიულობისა და ინტეგრაციის პრინციპს. მხოლოდ აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით განხორციელებული საქმიანობა ქმნის მზარდ დამატებით ღირებულებას.

რეალური ეკონომიკის გაციფრულების პროცესი ნიშნავს ჭკვიანი მანქანებით, საწარმოო დანადგარებით, კომპიუტერიზებულ, ავტომატიზებულ საწარმოო პროცესს, სადაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ საწარმოო ხაზის რობოტებს, შემფუთავ რობოტებს, მტვირთავ რობოტებს, რომლებიც პროდუქციას ჩატვირთავენ კონტეინერებში. საწარმოო პროცესი მთლიანად იქნება ტექნოფიცირებული. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დარგს, აქაც გამოყენებული იქნება ჭკვიანი მანქანები, კერძოდ, ნიადაგის შემადგენლობისა და სტრუქტურის განმსაზღვრელი ჭკვიანი ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურის დათესვა არის რეკომენდებული  ამა თუ იმ  ნიადაგზე, რაც ძალზე გაზრდის  სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას. ასევე ქარის, კლიმატის, წყალმოვარდნების გამზომი მოწყობილობები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დრონებითა და სხვადასხვა ჭკვიანი მოწყობილობებით აღჭურვილი აგროსექტორი შეძლებს მზარდი ხასიათის დამატებითი ღირებულების შექმნას.

ენერგეტიკის დარგში ტრადიციული ენერგიის წყაროები დარჩება, თუმცა უპირატესობა მიენიჭება ეკოლოგიურ ენერგეტიკას, რაც გულისხმობს განახლებადი ენერგიების აქტიურ და მასშტაბურ გამოყენებას. კერძოდ, საყოფაცხოვრებო დანიშნულების თვალსაზრისით ძირითადად გამოიყენებენ მზისა და ქარის ენერგიას.

წყალმომარაგების დარგში ასევე დაინერგება ნანომანქანები, რომლებიც აღჭურვილი იქნება სპეციფიკური, მრავალფუნქციური ხელოვნური ინტელექტით. შეიქმნება ინტეგრირებულ, კონვერგენციული ხასიათის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეეძლება მრავალი ფუნქციისა და ოპერაციის შესრულება სწრაფად და ხარისხიანად.

მშენებლობის დარგში დაინერგება სამშენებლო მასალების მწარმოებელი ჭკვიანი მანქანები, დანადგარები. სამშენებლო ობიექტებზე ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებს შეასრულებს მშენებელი რობოტი და ინჟინერი რობოტი. 

დასკვნა

ინდუსტრიალიზაციის პროცესში განხორციელებული ინდუსტრიული რევოლუ­ციების შედეგად თანამედროვე საზოგადოება იმყოფება პოსტინდუსტრიული განვითარების ეტაპზე.

ინდუსტრიალიზაციის პროცესი არის ეკონომიკის რეალური სექტორის უწყვეტი განვითარების მექანიზმი, სადაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიებსა და ტექნიკას. ეკონომიკის რეალური სექტორის დარგებიდან ყველაზე მეტად მრეწველობა განსაზღვრავს განვითარების უწყვეტ პროცესს. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გამოგონებათა დამუშავების შედეგად შექმნილი ტექნოლოგიები და ტექნიკა ინერგება მრეწველობის დარგებში. სამრეწველო  ობიექტებში საქმიანობის პროცესში ჩნდება ახალ-ახალი პრობლემები, ამოცანები, რომელიც მიეწოდება სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, სადაც ხდება აღნიშნული პრობლემის დამუშავება და ახალი გამოგონების შექმნა. ამდენად ასეთი უწყვეტი ხასიათის კავშირურთიერთობები არის ინდუსტრიალიზაციის უწყვეტი  პროცესის განმსაზღვრელი. მხოლოდ აღნიშნული კავშირურთიერთობების შედეგად წარმართული ინდუსტრიალიზაციის პროცესი შეგვიძლია მივიჩნიოთ რეალური ეკონომიკის უწყვეტი განვითარების მექანიზმად.

ინდუსტრიალიზაციის უწყვეტი პროცესის შედეგად შექმნილ  თანამედროვე პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იერარქიულობის, ინტეგრაციისა და კონვერგენციის პრინციპს. 

გამოყენებული ლიტერატურა

პაპავა ვ., 2020. არატრადიციული ეკონომიკსი: მეთოდოლოგია და მეთოდიკა. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 418 გვ.
სანაძე გ., 2020. ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობა გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში. წიგნში: თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემები. პროფესორ არჩილ თეთრაულის დაბადებიდან 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტ-კონფერენციის მასალების კრებული. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, გვ. 185-196.
Abesadze R., 2021. Technological Revolutions – The Basis of Economic Development. Ekonomisti, № 2, pp. 12-19.
Bell D., 1973. The Coming of Post-Industrial Society. New York, Basic Books, 507 p.
Dean Ph., 1979. The First Industrial Revolution. Cambridge, Cambridge University Press, 328 p.
Galbraith J., 2015. The New Industrial State. Princeton, Princeton University Press. 576 p.
Kiely R., 1998. Industrialization and Development. London, UCL Press, 189 p.
Krueger A. O., 2021. America’s Muddled Industrial Policy. Project Syndicate, June 25, <https://www.project-syndicate.org/commentary/us-innovation-competition-act-misguided-industrial-policy-by-anne-o-krueger-2021-06>.
Nelson R. R., Winter S. G., 1982. An Evolutionary Theory of Economic Change. Harvard, Harvard University Press, 431 p.
Tapscott D., 2015. The Digital Economy. New York, Mc Graw Hill Education, p.414.
UN, 2021. The Sustainable Development Goals Report 2021. New York, United Nations, 64 p., <https://unstats.un.org/sdgs/report/2021//>.
Бузмакова М. В., 2017. Реиндустриализация тенденция мировой экономики. Вестник нижегородского университето им Н .И. Лобочевского. Серия: Социольные науки, №1 (45), сс. 7-17.
Султанов Н. М., Мамадов С. В., 2015. Деиндустриализация экономики: содержание формы проявления и последствия. Вестник ПГУПБП, Серия общественных наук, №4 (65), сс. 30-40.
Эрхард Л., 2001. Благосостояние для всех. Москва, «ДЕЛО», 352 с.